
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე დააკავეს. უწყების ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გადამოწმდა კონკრეტული ადგილები, რათა გამოვლენილიყო საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირები.
„ჩატარებული კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 12 მოქალაქე. მათ შორის არიან იორდანიის, ინდოეთის, ნეპალისა და ბანგლადეშის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უწყებისვე ცნობით, დაკავებულები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.