
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 42 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, მათი დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ხოლო ნაწილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
დაკავებულებს შორის როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. შსს-ს ცნობით, ნარკოდამნაშავეები სამართალდამცავებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად, თბილისში და რეგიონებში ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
„მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადასტურდა, რომ დაკავებულთა უმრავლესობა ნარკორეალიზაციის სქემაში იყო ჩართული. ისინი ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კონკრეტულ ადგილებზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს და ინფორმაციას მყიდველებს უგზავნიდნენ,“ – აცხადებენ უწყებაში.
სამართალდამცავებმა ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი, სუბოქსონი, მეტადონი, კეტამინი, მეფედრონი, მდმა და მარიხუანა. ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.