
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას 4 სექტემბერს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სააპელაციო საჩივრით მიმართეს. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 6 აგვისტოს გამოტანილ განაჩენს ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
საჩივარში აღნიშნულია, რომ განაჩენი „უკანონო, დაუსაბუთებელი და შაბლონურია“ და არ ასახავს სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგებს. ადვოკატების თქმით, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სრულიად დააიგნორა დაცვის მხარის არგუმენტებსა და მტკიცებულებებს, რაც ამაღლობელს სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციურ უფლებას უკარგავს.
მათი განცხადებით, სასამართლომ ასევე დაარღვია განაჩენის მხარისთვის ჩაბარების კანონით დადგენილი ვადები. ადვოკატების თქმით, განაჩენი მათ გადაეცათ მხოლოდ 25 აგვისტოს, რაც საგრძნობლად ამცირებს გასაჩივრების კანონით გათვალისწინებულ ვადას.
ინფორმაციისთვის: მზია ამაღლობელს პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით სდებდა ბრალს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თუმცა მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
სააპელაციო საჩივარს ხელს ადვოკატები — მაია მწარიაშვილი, ჯუმბერ ქათამაძე და რაჟდენ ხიმშიაშვილი აწერენ.