
ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვითაც 2020 წლის აგვისტოდან 2025 წლის აგვისტომდე ქართულ აუდიტორიაზე Facebook-ისა და Meta-ს სხვა პლატფორმებზე პოლიტიკური, საარჩევნო და სოციალურ საკითხებზე ორიენტირებული 172,577 რეკლამა გამოქვეყნდა. მათი საერთო ღირებულება დაახლოებით 6.78 მილიონი დოლარი იყო.
კვლევის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი რეკლამების რაოდენობით 204 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის მე-40 ადგილზეა და აღემატება ბევრი მსგავსი ზომის სახელმწიფოს მონაცემებს.
ISFED-ის ინფორმაციით, ხუთი წლის განმავლობაში პოლიტიკური პარტიების მიერ განთავსებული რეკლამების რაოდენობამ 33,875-ს მიაღწია, ხოლო ხარჯებმა – 2.8 მილიონ დოლარს. ყველაზე დიდი წილი „ქართულ ოცნებას“ უკავია, რომლის რეკლამები დანახარჯებით აღემატებოდა დანარჩენი 32 პარტიის ჯამურ მაჩვენებელს.
კვლევა ცალკე ყურადღებას ამახვილებს მედიასაშუალებებსა და ხელისუფლების სტრუქტურებზეც. მაგალითად, „პოსტვ“-სა და „იმედის“ გვერდებზე ერთობლივად 660 ათას დოლარზე მეტი დაიხარჯა 24 ათასზე მეტ რეკლამაში.
სახელმწიფო და ადგილობრივი უწყებების რეკლამების ღირებულებამ კი 852,619 დოლარი შეადგინა, საერთო რაოდენობა – 17,266 რეკლამა.
ISFED-ის ცნობით, სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ანონიმური გვერდების საქმიანობა. მინიმუმ 164 ასეთ გვერდზე განთავსდა 11,378 რეკლამა, ჯამური ღირებულებით 223,860 დოლარი. ამ გვერდების უმრავლესობა ოპოზიციის დისკრედიტაციას და მმართველი პარტიის მხარდაჭერას ემსახურებოდა.
ყველაზე მეტი რეკლამა – 52.5% – თბილისზე იყო მიმართული, შემდეგ კი იმერეთსა და აჭარაზე, სადაც საერთო ჯამში დაახლოებით 20% რეკლამა გავრცელდა.
ISFED-ის შეფასებით, მიუხედავად Meta-ს წესების, საქართველოში ხშირად გამოიყენება ანონიმური ქსელები და გვერდების მანიპულაციური ქცევები, რაც აფერხებს პოლიტიკური რეკლამირების გამჭვირვალობას და ზრდის მანიპულაციის რისკებს.