6-7 ნოემბერს, ექსპოჯორჯიაში საქართველოს ენერგეტიკის გამოფენა და ფორუმი – GEEF 2025 გაიმართა, რომელიც საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) და ExpoGeorgia-ს მიერ იყო ორგანიზებული.
ღონისძიებამ გააერთიანა 400-ზე მეტი მონაწილე – სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო სექტორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ორი დღის განმავლობაში ექსპერტებმა იმსჯელეს ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკისა და სექტორის განვითარების სტრატეგიებზე, მწვანე ტრანზიციის დაფინანსების ინსტრუმენტებზე, რეგულაციების როლზე, ასევე მზის, ქარის, ჰიდრო და ბიოსაწვავის განვითარებაზე.
GEEF 2025 მიზნად ისახავდა ენერგეტიკული სექტორის მთავარი მონაწილეებისთვის თანამშრომლობის, ცოდნისა და ინოვაციების გაზიარების პლატფორმის შექმნას, სადაც განიხილებოდა ენერგეტიკული უსაფრთხოება, ინვესტიციების მოზიდვა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტები.
როგორც GREDA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ აღნიშნა: „GEEF 2025 გახდა ადგილი, სადაც თავს იყრიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, ინვესტორები და დარგის ლიდერები, რათა ერთად განვსაზღვროთ საქართველოს ენერგეტიკის მომავალი – უფრო მწვანე, უფრო მდგრადი და უფრო უსაფრთხო.“
ფორუმის პროგრამა მოიცავდა ისეთ საკვანძო თემებს, როგორებიცაა:
- განახლებადი ენერგიის რეგულაციები და სექტორის სტრატეგიული განვითარება;
- მწვანე დაფინანსების ინსტრუმენტები და ინვესტიციების მოზიდვა;
- მზის ენერგიის ტექნოლოგიური ინოვაციები და შენახვის სისტემები;
- ქარისა და ჰიდრო რესურსების ოპტიმიზაცია ენერგეტიკული მდგრადობისთვის;
- ბიოდიზელისა და მწვანე წყალბადის განვითარების პოტენციალი საქართველოში.
ფორუმთან პარალელურად გაიმართა ენერგეტიკის საერთაშორისო გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, რომლებმაც წარმოადგინეს უახლესი ენერგეტიკული ინოვაციები და მწვანე გადაწყვეტილებები.
GEEF 2025 კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მზარდ როლს რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის ჩამოყალიბების პროცესში და ხაზს უსვამს დარგის მზაობას ინოვაციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე



