სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციების 2025 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგად უარყოფითი მოსაზრება გამოთქვა. ანგარიშის მიხედვით, ფინანსური ანგარიშგება არსებითი საკითხების გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მოთხოვნებს არ შეესაბამება.
აუდიტი 61 მხარჯავი დაწესებულების ფინანსურ ანგარიშგებას მოიცავს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოავლინა, მათ შორის, წლების განმავლობაში დაუფარავი დავალიანებები, აღურიცხავი სახელმწიფო ქონება, ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების არასათანადო აღრიცხვა.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების რეესტრში ასახული იყო 400 მილიონ 746 ათას 620 ლარის დავალიანება. აქედან ძირითადი თანხა 144 მილიონ 681 ათასი ლარია, დარიცხული პროცენტი 26 მილიონ 440 ათასი ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 229 მილიონ 624 ათასი ლარი.
აუდიტის სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ხაზინის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული იყო 57 ორგანიზაციაზე ერთ წელზე მეტი ვადით გაცემული 125 მილიონ 699 ათასი ლარის სესხი. ამ სესხებზე დარიცხული პროცენტი 25 მილიონ 527 ათას ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 218 მილიონ 292 ათას ლარს შეადგენდა. აღნიშნული სესხები 1992-2010 წლებშია გაცემული და ანგარიშგების თარიღისთვის დაფარული არ იყო.
აუდიტის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ რიგ შემთხვევებში მოთხოვნების ამოღების ალბათობა არ არის შეფასებული, ხოლო ზოგიერთი დავალიანება აღრიცხულია უკვე ლიკვიდირებული ან გაკოტრებული ორგანიზაციების მიმართ. პრობლემაა პირველადი დოკუმენტაციის არარსებობა და კონტრაგენტების იდენტიფიცირებაც.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო ქონების აღრიცხვასაც. აუდიტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაწილი ქონების ეროვნული სააგენტოსა და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული არ არის.
ამასთან, 2025 წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 212 მილიონ 590 ათასი ლარის საბაზრო ღირებულების უძრავი ქონება გაასხვისა, რომელიც სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივად აღრიცხული არ ჰქონდა.
აუდიტის ანგარიშში ასევე, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო ქონების იჯარით გაცემიდან 2025 წელს მიღებულმა შემოსავალმა 9 მილიონ 924 ათას ლარზე მეტი შეადგინა. თუმცა სააგენტოში არ იყო დაცული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები იჯარის კლასიფიკაციასთან დაკავშირებით.
ხარვეზებია სასამართლო დავებიდან წარმოშობილი შესაძლო აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვაშიც. კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში პირობითი აქტივების სახით 316 მილიონ 521 ათასი ლარია ასახული, მაშინ როცა დაქვემდებარებული უწყებების ანგარიშგებებში ეს მაჩვენებელი 450 მილიონ 457 ათას ლარს შეადგენს.
პირობითი ვალდებულებების შემთხვევაში კონსოლიდირებულ ანგარიშგებაში 2 მილიარდ 845 მილიონ 848 ათასი ლარია მითითებული, დაქვემდებარებული უწყებების ანგარიშგებებში კი 3 მილიარდ 133 მილიონ 813 ათას ლარზე მეტი.
აუდიტის სამსახურმა ასევე გამოავლინა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საბუღალტრო ჩანაწერებისთვის Microsoft Excel-ს იყენებს, რაც ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების, ინფორმაციის დაცვისა და შენახვის რისკებს ზრდის. ამ მიზეზით აუდიტორებმა ვერ მოიპოვეს რწმუნება უნივერსიტეტის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული რამდენიმე ასეული მილიონი ლარის აქტივებისა და ვალდებულებების სისწორეზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, გამოვლენილი გარემოებების გამო ვერ იქნა მიღებული საკმარისი და სათანადო აუდიტორული მტკიცებულებები, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების სისწორეს დაადასტურებდა.

