საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო და პაციენტებს სერვისის მიღება უფასოდ შეეძლებათ.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან სრულად ანაზღაურდება პაციენტების სკრინინგი, მკურნალობაში ჩასართავად და მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები, ასევე პაციენტებს უსასყიდლოდ გადაეცემათ B ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები.
“პროგრამის მოსარგებლეებად განისაზღვრებიან პირები ქრონიკული HBV ინფექციით, აგრეთვე პირები, რომლებსაც დადგენილი აქვთ ქრონიკული B ჰეპატიტის დიაგნოზი და უკვე იმყოფებიან ანტივირუსულ მკურნალობაზე. პროგრამაში პაციენტების ჩართვა განხორციელდება კომისიური წესით.
B ჰეპატიტის მქონე იმ პირებისთვის, რომლებსაც კლინიკურად ამ ეტაპზე არ ესაჭიროებათ მკურნალობა, პროგრამით გათვალისწინებულია განმეორებითი დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება ექიმის დანიშნულების შესაბამისად, 12 თვეში ერთხელ.
იმ პირებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ B ჰეპატიტის ვირუსის არსებობა, დაავადების პრევენციის მიზნით, პროგრამის ფარგლებში, შესთავაზებენ B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, რომელიც ასევე სრულად ანაზღაურდება სახელმწიფოს მხრიდან.
სერვისების მისაღებად, მოქალაქემ უნდა მიმართოს პროგრამის მიმწოდებელ დაწესებულებებს – პროგრამაში ჩართულია 15-მდე სამედიცინო დაწესებულება მთელი ქვეყნის მასშტაბით. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, სერვისის მიმწოდებლების რიცხვი ეტაპობრივად გაიზრდება,” – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც დაწყებულია ტესტირება, იხილეთ ბმულზე.
ინფორმაციისთვის: პროგრამის მიზანი საქართველოში B ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირებაა. პროგრამის პირველ ეტაპზე, პაციენტები B ჰეპატიტზე ტესტირებასა და დიაგნოსტიკას გაივლიან, მკურნალობას კი სექტემბრიდან დაიწყებენ.