
არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში გააჩაჩივრებენ, ამის შესახებ მათ ბრიფინგზე განაცხადეს. სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, სარჩელი უკვე მზადაა და სასამართლოში დღეს გაიგზავნება.
დღესვე ცნობილი ხდება, რომ პარალელურად, მესამე სექტორი სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნადაც ამზადებს.
“რუსული კანონის მიღებით ხელისუფლება აყალიბებს მტრულ გარემოს, სადაც რისკად და საფრთხედ არის გამოცხადებული სხვადასხვა უფლებით, მათ შორის, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა. მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილებას, მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს. კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომელთანაც ეს სუბიექტები ითხოვენ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას, წარმოადგენს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ქვაკუთხედს.
ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უმოკლეს ვადაში განიხილავს სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების შუამდგომლობას და დააკმაყოფილებს მას. ამასთან გაცნობებთ< რომ ჩვენ ვემზადებით საჩივრის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არ ვიცხოვრებთ რუსული კანონის წესებით და გამოვიყენებთ ყველა ეროვნულ თუ საერთაშორისო მექანიზმს, მისი მოქმედების შესაჩერებლად, შესაფერხებლად, მის სრულ, საბოლოო გაუქმებამდე. კი ევროპას, არა რუსულ კანონს”, – აცხადებენ მესამე სექტორი წარმომადგენლები.
ინფორმაციისთვის: რუსული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტმაც გაასაჩივრა.