საქართველოს სტტისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2024 წელს საქართველოში 239 საავადმყოფო ფუნქციონირებდა, თუმცა მათი საწოლთა ფონდი წინა წელთან შედარებით 2.5%-ით შემცირდა და 14.9 ათასი შეადგინა. პარალელურად, შემცირდა როგორც პაციენტთა საავადმყოფოში დარჩენის საშუალო ხანგრძლივობა (4.6 დღე 2024 წელს, 5.3 დღე – 2023 წელს), ისე დაწესებულებების დატვირთვის მაჩვენებელი – 191.5 დღემდე, რაც 13.4 დღით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
კვლევაში ვკთხულობთ, რომ ავადობის მზარდი ტენდენცია და სამედიცინო სისტემის დეცენტრალიზაციის სიმპტომები
მიუხედავად ინფრასტრუქტურული დატვირთვის შემცირებისა, 2024 წელს კვლავ მზარდია ზოგადი ავადობის მაჩვენებელი: ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვის შემთხვევები 15.8 მილიონს მიაღწია – 2.8%-ით მეტი, ვიდრე 2023 წელს. პირველადი დიაგნოზის სახით ყველაზე მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა თვალისა და მისი დანამატების დაავადებებში (18.0%), ინფექციურ და პარაზიტულ დაავადებებში (15.4%), ძვალ-კუნთოვანი სისტემის დარღვევებში (14.8%) და ნერვული სისტემის დაავადებებში (13.6%).
მოსახლეობაში კვლავ ჭარბობს სასუნთქი სისტემის, თვალისა და მისი დანამატების, სისხლის მიმოქცევის, შარდ-სასქესო და ძვალ-კუნთოვანი სისტემების დაავადებები – ეს ტენდენცია მიუთითებს ჯანდაცვის სისტემაში პრევენციული მექანიზმების სისუსტეზე და პირველადი ჯანდაცვის ბერკეტების არაეფექტიანობაზე.
2024 წელს ქვეყანაში შიდსით დაავადების 615 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე (612 შემთხვევა) ოდნავ მაღალია. შიდსით გარდაცვალების შემთხვევათა რიცხვი – 131 – კვლავ მაღალ ნიშნულზეა. ამავდროულად, კუმულაციური შემთხვევები 10 006-ს მიაღწია.
ტუბერკულოზის მიმართულებით სტატისტიკა შედარებით უკეთეს სურათს აჩვენებს – ახალი შემთხვევების რაოდენობა 11.7%-ით შემცირდა, ხოლო ტუბერკულოზით დაავადებული მოსახლეობის რიცხოვნობა 1 311-მდე დაეცა (კლებამ 9.2% შეადგინა).
2024 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარებით პირველადი დახმარება 1.1 მილიონ მოქალაქეს გაეწია, საიდანაც 99% უცაბედად განვითარებულ დაავადებას უკავშირდებოდა.
2024 წელს სამედიცინო დაწესებულებებში 24.1 ათასი ექიმი და 21.3 ათასი საექთნო პერსონალი იყო დასაქმებული. აღნიშნული მონაცემები ჯერჯერობით ვერ პასუხობს მზარდი ავადობისა და მკურნალობის საჭიროებების სრულ მასშტაბს.



