საქსტატის ცნობით, 2025 წლის პირველი კვარტლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 179.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 7.7 პროცენტით ნაკლებია. კლება ძირითადად გამოწვეულია როგორც სააქციო კაპიტალის, ისე სავალო ვალდებულებების შემცირებით.
როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი – 150 მილიონი დოლარი – რეინვესტირებული მოგებიდან მოდის და მთლიანი FDI-ის 83.6 პროცენტს შეადგენს. სააქციო კაპიტალის მოცულობამ კი 62.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიან ინვესტიციებში 34.6 პროცენტიან წილს ფარავს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უმსხვილეს წყაროებს შორის 2025 წლის პირველ კვარტალში პირველ ადგილზე ჩეხეთი აღმოჩნდა – 43.0 მილიონი დოლარით (23.9%). მას მოჰყვება ამერიკის შეერთებული შტატები – 39.6 მილიონი დოლარით (22.1%), ხოლო მესამეზე თურქეთი – 28.1 მილიონი დოლარით (15.7%). ამ სამი ქვეყნის ჯამურმა წილმა ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 61.7 პროცენტი შეადგინა.
სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის დარგში განხორციელდა – 70.2 მილიონი დოლარი, რაც მთლიან პირდაპირ ინვესტიციებში 39.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი – 52.3 მილიონი დოლარით (29.2%), ხოლო მესამეზეა დამამუშავებელი მრეწველობა – 27.5 მილიონი დოლარით (15.3%).
სამი უმსხვილესი სექტორის წილმა 2025 წლის I კვარტალში განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 83.6 პროცენტი შეადგინა.



