„ასეთი ზღვა მე არ მახსოვს“ – აცხადებს იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე, რომელმაც შავ ზღვაში ჩატარებული კვლევის შედეგები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
მისი თქმით, საზღვაო აკადემიის წინ ზღვის წყლის სიმღვრივე 2560 NTU დაფიქსირდა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. გუჩმანიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი მაჩვენებელი, კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგაც კი არ დაფიქსირებულა.
„სანაპიროს ბიომრავალფეროვნებისთვის ზიანი კატასტროფულია,“ – წერს სპეციალისტი და ხაზს უსვამს, რომ პრობლემა მხოლოდ ძლიერ ნალექსა და შტორმს არ უკავშირდება.
„წვიმებიც და შტორმიც ბევრად ძლიერი ყოფილა და იქნება კიდეც. მთავარი მიზეზი ფაქტობრივად ზღვის ყველა მკვებავი მდინარიდან ქვიშა-ხრეშის მტაცებლური და გაუთვლელი მოპოვებაა. სანამ დროა, ეს უნდა გაჩერდეს,“ – აღნიშნავს გუჩმანიძე.
იქთიოლოგის თქმით, ზღვის ეკოსისტემა სერიოზულ საფრთხეშია და დაუყოვნებლივ რეაგირებაა საჭირო.



