შავ ზღვაში სახიფათო ინვაზიური სახეობა – ვერცხლისფერი მუცელეკლიანი (Lagocephalus sceleratus), რომელიც ტეტრაოდონის ოჯახს მიეკუთვნება, უკვე მეორედ დაფიქსირდა.
სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და განმარტავენ, რომ თევზის შავ ზღვაში გავრცელება მრავალმხრივ საფრთხეს უქმნის როგორც ეკოსისტემას, ისე ადამიანთა ჯანმრთელობასა და ადგილობრივ თევზჭერას.
როგორც იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე აღნიშნავს, ვერცხლისფერი მუცელეკლიანი, რომელიც ცნობილ იაპონურ ფუგუს თევზის ახლო ნათესავია, ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ხმელთაშუა ზღვაში სუეცის არხის გავლით მოხვდა და 2014 წლიდან შავ ზღვაშიც გამოჩნდა.
„კლიმატის ცვლილებისა და წყლის ტემპერატურის მატების გამო, ამ სახეობას შავ ზღვაში გავრცელების მაღალი პოტენციალი აქვს. ის იკვებება მოლუსკებით, თევზებითა და კიბოსნაირებით, რითაც ანაცვლებს ადგილობრივ სახეობებს და საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას. თევზი ასევე აზიანებს სათევზაო ბადეებსა და ინვენტარს თავისი ძლიერი ყბებისა და ეკლების დახმარებით,“ – განმარტავს გუჩმანიძე.
სპეციალისტის თქმით, ყველაზე დიდი საფრთხე ტეტროდოტოქსინია – ძლიერი ნეიროტოქსინი, რომელიც ამ თევზის სხეულშია. შხამის მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება ფატალური შედეგი გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ თევზი არასათანადოდ მომზადებულ საკვებად იქცევა.
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ვერცხლისფერი მუცელეკლიანის ინვაზიამ უკვე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მეთევზეობას და გრძელვადიანი ეკონომიკური ზიანი გამოიწვია. მეცნიერები შიშობენ, რომ მსგავსი შედეგი შეიძლება შავ ზღვაშიც დადგეს.
გუჩმანიძე საზოგადოებას მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ უცნობი თევზის პოვნის ფაქტებს:
„თუ მსგავს თევზს აღმოაჩენთ, გადაიღეთ ფოტო ან ვიდეო, დააფიქსირეთ ადგილმდებარეობა და მოგვაწოდეთ ინფორმაცია. ეს მონაცემები საშუალებას მოგვცემს უკეთ გავაკონტროლოთ ინვაზიური სახეობების გავრცელება და დროულად ვიმოქმედოთ ეკოსისტემის დასაცავად.“



