შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 49 პირი, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული. დაკავებულთა შორის არიან 5 ე.წ. „კანონიერი ქურდი“.
ბრალდებულებს ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „კანონიერი ქურდობა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“. შსს-ს ცნობით, დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში ნასამართლევია სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის.
გამოძიების ფარგლებში, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულები კავშირზე იყვნენ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერი ქურდებთან“, ასრულებდნენ მათ დავალებებს და აქტიურად მონაწილეობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში.
გამოძიებით ასევე ირკვევა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, სხვადასხვა დროს საქართველოში და საზღვარგარეთ ეწყობოდა ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდებიც“ მონაწილეობდნენ. შეკრებებზე, ქურდული ტრადიციების შესაბამისად, მიიღებოდა გადაწყვეტილებები, რომელთა მიხედვითაც ერთ-ერთ მხარეს მეორისა და თავად ბრალდებულების სასარგებლოდ გარკვეული თანხების გადახდა ეკისრებოდა. მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარას.
ჩხრეკის შედეგად, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთთან და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებთან“ უკავშირდებოდნენ. ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე სეკუნდა, 223-ე ტერცია და 223-ე კვარტა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



