სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აჭარაში სხვადასხვა პროფილის 7 არარეგისტრირებული ობიექტი გამოავლინეს. სააგენტოსგან მინიჭებული აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდნენ როგორც ფიზიკური პირები, ისე კერძო კომპანიები.
შემოწმებულ ობიექტებზე გამოვლენილ იქნა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის:
- ფრინველთა და ცხოველთა სასაკლაოებში მუშაობა ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე;
- საეჭვო წარმომავლობის ხორცის შენახვა და რეალიზაცია ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე;
- სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სრული დარღვევა.
დეტალურად გამოვლენილ იქნა შემდეგი შემთხვევები:
- ფიზიკური პირი ფ. ტ. – ფრინველთა სასაკლაო, საეჭვო ხორცის ლუქირება;
- ფიზიკური პირი დ. ა. – ფრინველთა სასაკლაო, კრიტიკული დარღვევები;
- ფიზიკური პირი დ. მ. – ცხოველთა სასაკლაო, დაუმოწმებელი ხორცის ლუქირება;
- შპს „ბაკური“ – ქათმის სარეალიზაციო ობიექტი, დაკვლის ადგილზევე რეალიზაცია;
- ფიზიკური პირი ნ. ს. – ობიექტი ქობულეთში, საეჭვო ხორცის ლუქირება;
- ინდმეწარმე ი. კ. – ხორცპროდუქტების საწარმო, რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა;
- ფიზიკური პირი მ. გ. – არალეგალური სასაკლაო ბათუმში, ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.
სახელმწიფო კონტროლის შედეგად ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, ხოლო შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.



