აჭარაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად, უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, დაკავებულნი არიან უკრაინის მოქალაქეები — 2004 წელს დაბადებული ვ.დ. და ი.კ.
დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიას მიეკუთვნება და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების მიერ აჭარის ტერიტორიაზე, 12 სხვადასხვა ადგილზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული ნივთიერებები ნივთმტკიცებად ამოიღეს. კიდევ ერთი ლოკაციიდან ამოღებულია პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 20 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ასევე გასაღებისთვის იყო გამზადებული.
გარდა ამისა, ბრალდებულთა პირადი ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული სასწორიც. საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 260-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.



