
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარმა სამმართველომ და იმავე დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს აჭარის საგამოძიებო სამსახურმა ერთობლივად ჩაატარეს.
დაკავებულები მაროკოს მოქალაქეები არიან – 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. და 1984 წელს დაბადებული მ.ა. გამოძიების მიხედვით, მათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ და ჯგუფურად გადმოკვეთეს.
ორივე პირი პოლიციამ ბრალდებულის სახით დააკავა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს.