
სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, სავარაუდოდ აქტივისტი, მეგი (ირმა) დიასამიძე დააკავეს.
შოთა თუთბერიძის თქმით, ამ დროისთვის დიასამიძის ადგილსამყოფელი უცნობია. ადვოკატი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, ამბობს, რომ სავარაუდოდ, აქტივისტი ბათუმში აიყვანეს და ამჟამად თბილისში გადაჰყავთ.
„ჯერ არ ვიცით სად ყავთ მეგი დიასამიძე, სასწრაფოდ ვითხოვთ მასთან შეხვედრასა და გასაუბრებას. სავარაუდოდ, სამოქალაქო აქტივისტი სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებითაა დაკავებული. საქმე ეხება თბილისში, კახი კალაძის ოფისთან გამართულ აქციას. დიასამიძის დაკავება ცხადია პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან ის პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეა,“ – განუცხადა შოთა თუთბერიძემ „აჭარა თაიმსს“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8-9 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, 3 პირია დაკავებული:
- 1965 წელს დაბადებული ზ.მ. და 2003 წელს დაბადებული ი.ბ. – ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით;
- 2002 წელს დაბადებული ი.დ. – ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით.
შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზ.მ.-მ და ი.ბ.-მ აქციის მსვლელობისას მონაწილეებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო ი.დ.-მ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერი დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა, 162-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამინისტროს ცნობით, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები დანაშაულში ჩართული სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.