მიმდინარე წელს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდა, ხოლო იმპორტი გაიზარდა.
2025 წლის იანვარ-ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 634%-ით გაიზარდა, რაც შეეხება ექსპორტის მოცულობას, თუ 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 45.821 მლნ დოლარის ღირებულების დენი გაყიდა, წელს ამ მაჩვენებელმა 22.489 მლნ დოლარი შეადგინა.
როგორც European Cooperation Science And Technology-ის მდგრადი ჰიდროენერგეტიკისა და ცირკულარული ეკონომიკის ექსპერტი გიგა თვაური აცხადებს, გარდა ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებლების ცვლილებისა, იზრდება ელექტროენერგიის მოხმარებაც, რომელიც გენერაციას აჭარბებს. მისი თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი ენერგეტიკის სექტორის არასტაბილურობაა.
“ფართო ჭრილში რომ შევხედოთ, გარდა ექსპორტის შემცირებისა და იმპორტის ზრდისა, ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების მიმართულებითაც გვაქვს დისბალანსი. მაგალითად, გალთ ენდ თაგარტის მონაცემებით 2024 წელს ელექტროენერგიის მოხმარებამ წარმოებას გადააჭარბა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე აღარ ვართ წმინდა ექსპორტიორი ენერგიის, რაც 2022 და 2023 წლებში ვიყავით. ამ ყველაფრის მიზეზი კი ჩვენი ენერგოსექტორის არასტაბილურობაა. ჩვენ იმასაც ვხედავთ, რომ ენერგიის მოხმარება ყოველწლიურად 3-5 პროცენტით იმატებს და ამის პარალელურად ჩვენ არ გვაქვს მყარი გენერაციის ობიექტები რომ ამ მოხმარების ტენდეციას დავეწიოთ. ჩვენ ასევე არ გვაქვს ენერგიის შემნახველი ობიექტები და ძალიან ბევრი ჰიდრო ოპერატორი საუბრობდა იმაზე, რომ დროის გარკვეულ პერიოდში მიდიოდა წყლის დაღვრა და გენერაციაში არ გამოყენება“,- აღნიშნავს გიგა თვაური.
გიგა თვაური ასევე აღნიშნავს, რომ ენერგეტიკული სტაბილურობისთვის კაშხლოვანი ჰესების აშენება აუცილებელია. ექსპერტი აღნიშნავს, რომ მზისა და ქარის ენერგიას შეზღუდული რესურსი აქვს, რის გამოც საჭიროა ისეთი ტიპის ჰესების პროექტების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს რეზერვუარებში წყლის დაგროვებას და წლის განმავლობაში ელექტროენერგიის სტაბილურ გენერაციას.
„ჩვენ გვჭირდება სტაბილური ენერგია, გვჭირდება ენერგიის შემნახველები. ამას ვამბობ იმიტომ, რომ რეალურად ჩვენ ზაფხულში გვაქვს მეტობა, რადგან წყალუხვობაა და ზამთარში, პირიქით, გვაქვს ნაკლებობა. ენერგიის შენახვის ერთადერთი წყარო ჩვენთვის არის კაშხლოვანი ჰესები, რომლებიც იგროვებენ თავიანთ რეზერვუარში წყალს და დეფიციტის დროს მოიხმარენ მას. უბრალოდ რომელიმე ხელოვნურ ინტელექტსაც რომ ჰკითხოთ და შეადარებინოთ მზის, ქარისა და ჰიდროენერგეტიკის რესურსი ერთმანეთს, ნათლად დაინახავთ რომელია ამ სამში ყველაზე მნიშვნელოვანი. გასაგებია, რომ არიან ქვეყნები, მაგალითად დანია, რომელსაც ქარის ენერგია ფაქტობრივად ხელოვნების დონეზე ჰყავს აყვანილი, თუმცა ის აბსოლიტურად სხვა რეგიონია. იქ არსებობს შესაძლებლობა, რომ იყოს წყალზე დადგმული სიმძლავრეები და სწორედ ამას იყენებენ ისინი. მაგრამ ჩვენ მაგალითზე რომ გადმოვიტანოთ, ჩვენ ვართ მცირე მიწის პატრონი ქვეყანა, რაც ნიშნავს, რომ მასშტაბური მზის ენერგიის სადგურები, ან ქარის ენერგიის სადგურები ვერ იქნება ეფექტიანი შედეგის მომტანი, რადგან ეს ყველაფერი არის არასტაბილური. აღნიშნული უნდა წარმოვადგინოთ, როგორც ენერგიის გენერაციის დამატებითი შეზღუდული რესურსი.
ჩვენ აუცილებლად გვჭირდება სტაბილური ენერგია, რაც შეუძლია მხოლოდ კაშხლოვან ჰესებს. რასაკვირველია, მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაც ძალიან კარგია, უბრალოდ ენერგეტიკული სტაბილურობის ნაწილში კაშხლოვანი ჰესი ასრულებს უფრო მეტ და მნიშვნელოვან ფუნქციას, რაც წყლის დაგროვებაში გამოიხატება“.- აცხადებს European Cooperation Science And Technology-ის მდგრადი ჰიდროენერგეტიკისა და ცირკულარული ეკონომიკის ექსპერტი გიგა თვაური.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე



