ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვართან, კერძოდ კი რობაქიძის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეები წლების განმავლობაში მოუგვარებელ პრობლემაზე საუბრობენ – ღია სანიაღვრე არხის მოუწესრიგებლობის გამო ისინი საკუთარ უბანში უსაფრთხო გარემოს მიღწევას ვერ ახერხებენ.
ადგილობრივების თქმით, აღნიშნული არხის რეაბილიტაცია დაახლოებით 8 წლის წინ, ნადიმ ვარშანიძის მერობის დროს დაიწყო, თუმცა სამუშაოები მალევე შეჩერდა და დღემდე არც ერთ უწყებას არ მიუღია სათანადო ზომები პროექტის დასასრულებლად.
„სახლებსა და ქუჩას შორის მდებარე არხი ღია მდგომარეობაშია, არ აქვს ცხაურები და განსაკუთრებით ბავშვებისთვის საშიშია. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მანქანა ან მსხვილფეხა საქონელი არხში ჩავარდა. გარდა ამისა, როდესაც არხს წმენდენ, შლამს იქვე ტოვებენ, რაც გაწვიმების შემდეგ ისევ არხში ხვდება“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი „აჭარა თაიმსთან“ საუბარში.
გარდა ინფრასტრუქტურული საფრთხისა, მოსახლეობა სანიტარიულ მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას. არხი ხშირად არ იწმინდება, წყალი მუდმივად დგას, რაც მას ჭაობად აქცევს. ასეთ გარემოში მომრავლდნენ ბაყაყები, ქვეწარმავლები და მწერები.
ადგილობრივების თქმით, ბოლო წლებში რამდენჯერმე მიმართეს როგორც ბათუმის, ასევე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების მერიებს, თუმცა უშედეგოდ. პრობლემის გადასაჭრელად 100-ზე მეტმა მოქალაქემ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას, რომელიც მუნიციპალიტეტებში გადაგზავნილია.
„ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც ათი წლის წინ დაიწყეს – დაასრულონ რობაქიძის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია, მოხდეს ღია არხის დაფარვა და რეგულარული წმენდა. ეს არის ჩვენი უბნის უსაფრთხოებისა და კეთილმოწყობის საკითხი“, – აცხადებენ მოქალაქეები.



