ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ქორწინების სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს. გადაწყვეტილება, როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ მიღებულია „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შენობის დაშლა ბულვარის განაშენიანების გეგმას შეესაბამება და ასევე ითვალისწინებს საზოგადოების მრავალწლიან მოთხოვნას. მათი განმარტებით, ქორწინების სახლი თავისი მოცულობითა და მდებარეობით ზღუდავდა ბათუმის ბულვარის მთავარი შესასვლელის ვიზუალურ აღქმას.
ამასთან, შენობა ამორტიზებული იყო და მოქმედ სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებდა, რის გამოც ის განაშენიანების გეგმით განსაზღვრულ სადემონტაჟო ობიექტთა ნუსხაში მოხვდა.
„აჭარა თაიმსმა“ შერჩევით პოლიტიკაზე კითხვა დაუსვა „ქართული ოცნების“ ბულვარის ადმინისტრაციის დირექტორს, არჩილ ანთაძეს. მან ვერ უპასუხა კითხვას, რატომ არ ხდება „ამბასადორის“ მიერ უნებართვოდ აშენებული ოთხი სართულის დემონტაჟი. ანთაძე ჩართულ კამერას გაექცა და გვითხრა, რომ აღნიშნული საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის.
თავდაპირველად გენერალურ გეგმაში „ამბასადორი“ ბულვარისთვის შეუსაბამო შენობად იყო შეფასებული. დოკუმენტის მიხედვით, ლანდშაფტურ ზონაში, სადაც ამბასადორის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი მდებარეობს, დასაშვებია მხოლოდ ზონის ფუნქციასთან შესაბამისი ნაგებობა – მაქსიმუმ 3-სართულიანი ბალნეოლოგიური ცენტრი. ამავე რეგლამენტით, ტერიტორიის შემოღობვა და ავტოსადგომის მოწყობა სრულად აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ბათუმის საკრებულომ „ამბასადორი“ დოკუმენტიდან ამოიღო და გენგეგმა შეცვლილი ფორმით დაამტკიცა.



