ბათუმის მე-14 საჯარო სკოლაში მუნის რამდენიმე საეჭვო/სავარაუდო შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სკოლის დირექტორი, ნატო გოგუაძე, „აჭარა თაიმსთან“ ადასტურებს.
გოგუაძის თქმით, საეჭვო სიმპტომები დაწყებითისა და დამამთავრებელ კლასებში დაფიქსირდა, რის შემდეგაც სკოლამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა.
„ბავშვებს ქავილი აღენიშნებოდათ. აღნიშნულის შესახებ მაშინვე შევატყობინეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს. პროტოკოლის შესაბამისად ჩატარდა დეზინფექცია და სკოლის ინვენტარის სრულად დასუფთავება. სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება,“ – განუცხადა „აჭარა თაიმსს“ ნატო გოგუაძემ.
მისივე ინფორმაციით, მუნის საეჭვო შემთხვევების მქონე მოსწავლეები ამ ეტაპზე სახლში იმყოფებიან და საჭირო სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არიან. აჭარის განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ მუნის შემთხვევებთან დაკავშირებული შეტყობინება ამ დროისთვის სხვა სკოლებიდან არ შესულა.
პაატა იმნაძე: „მუნი ყოველწლიურადაა, მატება არ შეინიშნება და საპანიკო არაფერია“



