
საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც შედიან არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები – ასლან ჭანიძე („თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ თავმჯდომარე), ციალა ქათამიძე („მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრის“ თავმჯდომარე), ილია გუჩმანიძე („მწვანე სექტორის“ თავმჯდომარე), დეა ერემაშვილი („შშმ ქალთა ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი) და მალხაზ ჭკადუა („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ბათუმის ოფისისა და სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორი) – ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის იწყებს სასწავლო ციკლს „დემოკრატიის შესახებ“.
კურსის მიზანია დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაცია, კრიტიკული აზროვნებისა და ანალიზის უნარების განვითარება. ორგანიზატორების თქმით, პროექტი სრულად მოხალისეობრივ საფუძველზე ხორციელდება და ახალგაზრდებს შესთავაზებს სხვადასხვა თემებზე ლექციებს, დისკუსიებსა და პრაქტიკულ აქტივობებს.
სასწავლო კურსის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები:
-
დემოკრატია და საქართველო;
-
ადამიანის უფლებები და მათი პრაქტიკული რეალიზაცია საქართველოში;
-
მედიის ბრძოლა არსებობისთვის;
-
საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა;
პროგრამა მოიცავს ასევე თემატურ კინოჩვენებებს, დისკუსიებსა და დებატებს ბრიტანული მოდელით, მხატვრული და დოკუმენტური ლიტერატურის განხილვას. თითოეულ ჯგუფთან კურსი გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ (ერთი შეხვედრის ხანგრძლივობა 1,5–3 საათია).
სასწავლო პროცესს უმასპინძლებს „შშმ ქალთა ალიანსის“ ოფისი, რომელიც ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, №67/69 მდებარეობს. დაინტერესებულ ახალგაზრდებს (16–29 წლის) განაცხადის შევსება 5 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ.
დამატებითი ინფორმაციისთვის: ციალა ქათამიძე – 595 807 843; tsialakatamidze@gmail.com.