
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩის 8-ში მცხოვრებლები მომიჯნავედ 50-სართულიანის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია „ცენტრალ სითი ლაინი“ თავდაპირველად რეალურ მასშტაბებზე არ გაუფრთხილებიათ და ახლა, დაბალსართულიანი კორპუსის გვერდით გიგანტური შენობის აღმართვას აპროტესტებენ. ადგილობრივების განცხადებით, მშენებლობის გაგრძელება საცხოვრებელ გარემოს რისკის ქვეშ დააყენებს.
„მოგვატყუეს. როცა გვესაუბრებოდნენ, სხვა ინფორმაცია მოგვაწოდეს. ახლა კი ვიგებთ, რომ ჩვენს გვერდით 50-სართულიან კორპუსს აშენებენ,“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
მოქალაქეებმა დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ თუ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინებენ, მომდევნო პროტესტი უფრო მასშტაბური იქნება. მათი მთავარი მოთხოვნაა, ან პროექტი ჩასწორდეს და სართულების მოცულობა შემცირდეს, ან მათი კორპუსის შესყიდვაც მოხდეს.
აქციას ესწრებოდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელმაც შესაძლო კორუფციულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვა გაცემულია არჩილ ჩიქოვანის მიერ, რომელიც ახლო მეგობრობითა და ნათესაური კავშირებით არის დაკავშირებული აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან. ბაკურიძის განცხადებით, პროექტის უკან დგას ასევე რიჟვაძის სიძე, დავით ბალაძე – „ქართული ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსანი.
ინფორმაციისთვის: ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, კომპანია „ცენტრალ სითი ლაინი“ ფიროსმანის #10-ში 50-სართულიანი თაუერის მშენებლობას გეგმავს, დამატებით მიწისქვეშა სართულით. მერიაში წარდგენილი დოკუმენტების თანახმად, საცხოვრებელი ფართობის ჯამური მოცულობა 26 900 კვ.მ. იქნება. კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძეა, ხოლო დარჩენილ 50%-ს ფლობს გიორგი ზოიძე.
ცნობისთვის: „აჭარა თაიმსმა“ ადგილზე კომპანიის წარმომადგენლების ჩაწერა ვერ შეძლო, შესაბამისად ჩვენთვის უცნობი დარჩა რა პოზიცია აქვთ მათ ადგილობრივთა მოთხოვნებზე. იმ შემთხვევაში თუ კომპანია ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებლების ბრალდებებს გამოეხმაურება მასალა განახლდება.