საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რასაც მძიმე შედეგი მოჰყვა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ვერსიით, საქმე შეეხება 6-7 ივლისს მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც თორნიკე რიჟვაძემ, იარაღის დაუდევარი შენახვის შედეგად, მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.
გამოძიებით მტკიცებუთ, 6 ივლისს, საღამოს საათებში, რიჟვაძე სტუმრად იმყოფებოდა მეგობართან, ალექსანდრე ახვლედიანთან, მის საცხოვრებელ სახლში ქალაქ საგარეჯოში.
გამოძიების მასალების მიხედვით, დაახლოებით 01:10-დან 01:30 საათამდე პერიოდში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ მალულად აიღო მასპინძლის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც დაუდევრად იყო მოთავსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე შემინულ ფანჩატურში.
მოგვიანებით, იარაღი სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელში გადაიტანა და, როცა მარტო დარჩა, თვითმკვლელობის მიზნით საკუთარ გულმკერდში გაისროლა. მიღებული ჭრილობის შედეგად, თ.რ.-მ მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-1 პრიმა ნაწილით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ეხება და რომლის შედეგადაც დადგა მძიმე შედეგი. აღნიშნული დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, უწყება კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.



