საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს, 24 ივლისს, იწყებს საქმეზე „ალექსანდრე ახალაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებით განხილვას. დავის საგანია ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც მოქალაქეს აძლევს საშუალებას, მოითხოვოს უკვე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვა მხოლოდ 5-წლიან ვადაში – თუნდაც მას შემდეგ გამოაშკარავდეს მნიშვნელოვანი გარემოებები ან დანაშაულებრივი ფაქტები.
სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ ამ ვადით მოქალაქეს უზღუდავენ სამართლიანობის აღდგენის უფლებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოგვიანებით დადგინდა, რომ საქმეში მონაწილეობდნენ არაკეთილსინდისიერი მოსამართლე ან მხარეები.
„დღეს მოქმედი კანონი ამბობს: 5 წლის შემდეგ ვერ გაასაჩივრებ ძველ გადაწყვეტილებას, თუნდაც გაიგო, რომ საქმე თავიდანვე უსამართლოდ წარიმართა. ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დაცულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას,“ – აცხადებენ მოსარჩელე მხარეში.
დავის არსი მარტივად: მოქმედი კანონი კრძალავს ძველი სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვას 5 წლის შემდეგ, მაშინაც კი, როცა ახალი მტკიცებულება ან დანაშაულებრივი ქმედება გამოჩნდება. მოსარჩელე ფიქრობს, რომ ეს ზღუდავს მოქალაქის უფლებას, მოითხოვოს სამართლიანობა.
განსახილველი ნორმა დაფიქსირებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლში, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი ეყრდნობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლს, რომელიც სამართლიან სასამართლო განხილვას ითვალისწინებს.



