2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს, 10:00 საათზე დაიწყება, ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (online.naec.ge) 11 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ.
წელს აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პარალელურად პროფესიული პროგრამებიც აირჩიონ. ამასთან, სტუდენტები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე, ასევე პროფესიულ სასწავლებლებში ჩაირიცხებიან, სწავლას უფასოდ შეძლებენ.
რეგისტრაციის პროცესში მნიშვნელოვანი ეტაპია საგნების არჩევა და შესაბამისი საფასურის გადახდა – აპლიკანტებმა ეს პროცესი 6 აპრილის 10:00 საათიდან 6 მაისის 18:00 საათამდე უნდა დაასრულონ (არანაკლებ ერთი საგნისთვის). ამის შემდეგ მათ რეგისტრაციის საბოლოოდ დასრულება 11 მაისის 18:00 საათამდე შეეძლებათ. აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელი იქნება საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა ან შეცვლაც.
საგანმანათლებლო პროგრამების დამატება, წაშლა ან გადანაცვლება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მომდევნო დღის 18:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
რეგისტრაციის დაწყებამდე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოაქვეყნებს „ცნობარს აბიტურიენტებისთვის“, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი გამოცდებთან დაკავშირებული პროცედურები, წესები, ეტაპები და პროგრამების ჩამონათვალი.



