აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სოფელ მახვილაურში განახლდა არქეოლოგიური საველე სამუშაოები. სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გათხრების შედეგად გამოვლინდა ფართომასშტაბიანი ქვაყრილი, რომელიც რიყის ქვებისგან შედგება და გათხრის ტერიტორიაზე ცენტრალურ ადგილს იკავებს.
ქვაყრილში აღმოჩენილია ახალი ქვის ხანის, ლითონისა და ანტიკური პერიოდის კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები, მათ შორის — წითელი წერნაქით დაფარული კერამიკა.
“განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ნეოლითური ხანისთვის დამახასიათებელი ქვის იარაღები: გაპრიალებული ცულები, სალესები, შურდულის ქვები, პიკისებური იარაღები და ხელსაფქვავის ფრაგმენტები. არქეოლოგიური მასალის მიხედვით, მახვილაურსთვის დამახასიათებელია ცალგვერდამოღარული საწაფების მაღალი კონცენტრაცია. აღმოჩენილია აგრეთვე კაჟისა და ობსიდიანის იარაღების რამდენიმე ნიმუში. ქვაყრილის ქვეშ, დაახლოებით 50 სმ სიღრმეზე, გამოვლინდა წინაანტიკური ხანის ერთი სამარხი, რომლის ინვენტარი ცალყურა ქოთნისა და მძივების სახით არის წარმოდგენილი. საველე სამუშაოების ფარგლებში ასევე აღმოჩნდა წრიული მოყვანილობის ორმოები ყვითელ თიხნარში, რომლებიც სავარაუდოდ ხის ბოძების ჩასადგმელად იყო განკუთვნილი. ერთ-ერთი ასეთი ორმოს კედლებში რიყის ქვების გამაგრებითი სტრუქტურა კარგად არის შემორჩენილი. რამდენიმე ორმოში ნაპოვნია ნახშირის ფრაგმენტები, ასევე ახალი ქვის ხანის კერამიკა, კაჟისა და ობსიდიანის ლამელები და ცალგვერდამოღარული საწაფების ერთეული ნიმუშები,” – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ორმოებიდან აღებული ნახშირის ნიმუშებზე ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება შესაძლებლობას მისცემს მკვლევრებს, ზუსტად დაათარიღონ ძეგლის ცალკეული ფენები და დაამტკიცონ მახვილაურის ტერიტორიის მრავალსაუკუნოვანი დასახლების ქრონოლოგიური ფარგლები.
ინფორმაციისთვის: კვლევა მიზნად ისახავს ნეოლითის, გვიანბრინჯაო-ადრერკინისა და ანტიკური ხანის კულტურული ფენების გამოვლენასა და შესწავლას. არქეოლოგიურ ექსპედიციას არქეოლოგი ნარგიზ სურმანიძე ხელმძღვანელობს.



