
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი უქმდება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ცენტრის ლიკვიდაცია დაგეგმილია 2025 წლის 1-ელი ივლისიდან. გადაწყვეტილება რეორგანიზაციის ფარგლებში მიიღეს, რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ცენტრის ფუნქციები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავა.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ცენტრის უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა გაავრცელეს. მედიისთვის მიწოდებული ცნობებით, ისინი გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან, რის შესახებაც საზოგადოებას სოციალური ქსელების მეშვეობით შეატყობინეს.
ამ ეტაპზე უცნობია, რა ფორმით განხორციელდება რეორგანიზაცია და როგორი იქნება საინფორმაციო საქმიანობის მომავალი ფორმატი. არც საგარეო საქმეთა სამინისტროს და არც საქართველოს მთავრობის სხვა უწყებებს ამ ეტაპზე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ.
ინფორმაციისთვის: ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი წლების განმავლობაში ახორციელებდა საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ საგანმანათლებლო და ინფორმაციულ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ცენტრი თანამშრომლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სკოლებსა და უნივერსიტეტებთან ასევე, მონაწილეობდა საზოგადოებრივ დისკუსიებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.