ოპოზიციის ალიანსმა ეროვნული მობილიზაციის კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა. ინიციატივა ბრიფინგზე „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ გააჟღერა.
მისი თქმით, კამპანია სიმბოლურად უკავშირდება 31 მარტისა და 26 მაისის თარიღებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტ მოვლენებთან არის დაკავშირებული. ალიანსში მიაჩნიათ, რომ ქვეყანა დღესაც მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას.
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, კამპანიის მთავარი მიზნებია მოქალაქეებთან პირდაპირი კომუნიკაციის გაძლიერება, პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა, საზოგადოებაში არსებული პროტესტის პოლიტიკურ ქმედებად გარდაქმნა და შიშის დაძლევა.
მათივე თქმით, მნიშვნელოვანია პროტესტში მეტი ადამიანის ჩართვა, რადგან ცვლილება მხოლოდ მასშტაბური საზოგადოებრივი მონაწილეობით არის შესაძლებელი.
კამპანია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მისი კულმინაცია 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, თბილისში დაგეგმილი მასშტაბური აქცია იქნება.
ოპოზიციის ალიანსი პროცესში სხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფების, ასევე აქტიური მოქალაქეების ჩართვასაც მოუწოდებს.



