დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში მუნის შემთხვევების რაოდენობის ზრდა არ ფიქსირდება და დაავადება ყოველწლიურად ფიქსირდება როგორც საქართველოში, ისე ევროპის ქვეყნებში.
„მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია,“ – განაცხადა იმნაძემ.
მისი განმარტებით, მსოფლიო სტატისტიკის მსგავსად, წლის განმავლობაში მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს მუნი აღენიშნება, რაც საქართველოს შემთხვევაშიც მსგავსია. სპეციალისტების თქმით, მუნი ტკიპით გამოწვეული დაავადებაა, რომლის ძირითადი სიმპტომი ძლიერი ქავილია. ის ვრცელდება კანით კანზე, მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტისას, თუმცა შესაძლებელია ინფექცია გავრცელდეს თეთრეულით, პირსახოცით ან ტანსაცმლითაც.
„მკურნალობა საკმაოდ მარტივია – სპეციალური მალამოების გამოყენებით შესაძლებელია დაავადების სრული განკურნება. პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი მოერიდოს ინფიცირებულთან ახლო კონტაქტს, არ გამოიყენოს სხვისი პირსახოცი, ტანსაცმელი ან თეთრეული,“ – განმარტა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, მკურნალობა აუცილებელია არა მხოლოდ ინფიცირებულისთვის, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრისა და იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც მასთან მჭიდრო, ხანგრძლივი კონტაქტი ჰქონდათ. მუნი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ, თუმცა მარტივად სამკურნალო კანის დაავადებად ითვლება, რომლის დროული აღმოჩენა და სათანადო ჰიგიენა სრულად გამორიცხავს გართულებებს.



