ძმები ლორთქიფანიძეები მეუღლეებთან ერთად
როგორ მოხდა, რომ ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი დასაქმდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში? – ამ საკითხზე კომენტარი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ვთხოვეთ, თუმცა ვახტანგ ლორთქიფანიძემ განმარტების ნაცვლად სატელეფონო საუბარი შეწყვიტა. დავუკავშირდით მის მეუღლეს, ინდირა ვარშანიძესაც, რომელმაც კითხვის დასრულების შემდეგ ტელეფონი გაგვითიშა და მომდევნო ზარებს აღარ უპასუხა. ლორთქიფანიძის ოჯახის სხვა წევრებთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.
ხელვაჩაურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, თამარ მართალიშვილმა, შეტყობინების ნახვის მიუხედავად, ჩვენს კითხვებზე პასუხი არ გაგვცა.
გარემოება: სტატიის მომზადების პროცესში ორი პირი დაგვიკავშირდა, რომლებმაც, როგორც თავად გვითხრეს, ლორთქიფანიძეების თხოვნით მოგვმართეს და დეტალების გარკვევას ცდილობდნენ.
ლორთქიფანიძეების ოჯახში თანამდებობები ასე ნაწილდება:
- ვახტანგ ლორთქიფანიძე, “ქართული ოცნების” წევრი – ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
- მეუღლე, ინდირა ვარშანიძე – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურში სპეციალისტი;
- ძმა, შოთა ლორთქიფანიძე – ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახური სამსახურის ხელმძღვანელი;
- შოთა ლორთქიფანიძის მეუღლე, ანა გოგიტიძე – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის სერვის ცენტრის მთავარი სპეციალისტი.
„მე ვარ საკრებულოს წევრი, შესაბამისად არავის ვასაქმებ. არანაირი გავლენებით ვსარგებლობ. მეუღლე, სანამ ცოლად შევირთავდი მანამდე მუშაობდა. კარგად ბრძანდებოდეთ,“ – მცირე კომენტარის შემდეგ ვახტანგ ლორთქიფანიძე იცინის, ასევე, აღარ პასუხობს ძმისა და რძლის დასაქმების თემაზე დასმულ კითხვას და კომუნიკაციას წყვეტს.
თანამდებობრივი სტატუსის გარდა რა ქონებას ფლობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე? ვახტანგ ლორთქიფანიძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით დოკუმენტში ასახულია როგორც უძრავი ქონება, ასევე ფინანსური აქტივები, სესხები და შემოსავლები.
ვახტანგ ლორთქიფანიძე ფლობს შემდეგ უძრავ ქონებას:
- ბინა ბათუმში, დიდაჭარას ქუჩაზე, N3ა-ში – 29,2 კვ.მ ფართის საცხოვრებელი ფართი, რომელიც ჩუქების წესით მიიღო 2017 წლის 18 სექტემბერს;
- 7 კვ.მ მიწის ნაკვეთი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეში, ნასყიდობის საფუძველზე 280 ლარად შეძენილი (2017 წლის 14 აგვისტო);
- 4790 კვ.მ მიწის ნაკვეთი ზედა ერგეში (ქუჩა N8, N5), ჩუქებით მიღებული 2022 წლის 1 ივლისს, სადაც განთავსებულია ორი შენობა: N1 – 277 კვ.მ და N2 – 126,72 კვ.მ;
- 25%-იანი წილი 1968 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ასევე ზედა ერგეში, ოჯახური საკუთრების საფუძველზე.
ვახტანგ ლორთქიფანიძეს 2024 წლის მონაცემებით აქვს შემდეგი ფინანსური აქტივები და ვალდებულებები:
- სახელფასო ოვერდრაფტი ლიბერთი ბანკში – 826 ლარი (მინუს ბალანსი);
- სახელფასო ანგარიში თიბისი ბანკში – 0.55 ლარი;
- სესხი თიბისი ბანკიდან – 20,600 ლარი, საიდანაც გასულია 10,740 ლარი (გადასახდელი ვადა – 2025 წლის 27 მარტი);
- 12,000 ლარის ოდენობის წლიური შემოსავალი კომერციული ფართის იჯარით გაცემის შედეგად;
- ავტომობილის გასხვისებიდან მიღებული 10,500 აშშ დოლარი (შსს მომსახურების სააგენტოში რეგისტრირებული გარიგება 2024 წლის 5 თებერვალს);
- მისი სახელფასო ანაზღაურება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე შეადგენს 34,994.26 ლარს (წლის ჭრილში).
ინდირა ვარშანიძე, ვახტანგ ლორთქიფანიძის მეუღლე, დეკლარაციაში მითითებულია როგორც რამდენიმე პოზიციაზე დასაქმებული, მათ შორის საჯარო სექტორში:
- საბავშვო ბაღი N2-ის ხელმძღვანელი (ხელვაჩაურის ბაგა-ბაღების გაერთიანება) – 7597.8 ლარი (2024 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე);
- ბიბლიოთეკარი შპს საზღვაო სასწავლო ცენტრი “ეკვატორში” – 1046 ლარი;
- ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურში – 4164.34 ლარი (2024 წლის ბოლო 3 თვე).
ძმა, შოთა ლორთქიფანიძე, რომელიც ამჟამად მერიაში ხელმძღვანელობს ბუნებრივი რესურსებისა და აგრარულ საკითხთა სამსახურს, ფლობს უძრავ ქონებას, ავტომანქანას და აქვს რამდენიმე სესხი საქართველოს ბანკში.
2024 წლის დეკლარაციის მიხედვით, შოთა ლორთქიფანიძეს 100%-იანი მფლობელობა აქვს ბათუმში, ჩაიკოვსკის ქუჩაზე მდებარე 76.7 კვ.მ ფართობის ბინაზე, რომელიც 78,000 აშშ დოლარად შეიძინა. გარდა ამისა, მისი საკუთრებაშია 25%-იანი წილი 1968 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთზე, რომელიც 2020 წლის 26 თებერვალს კომლის ქონების სახით რეგისტრირდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ერგეში. ამავე ნაკვეთში თანამფლობელები არიან სოფია ლორთქიფანიძე, ვახტანგ ლორთქიფანიძე და ნუნუ ჩხეიძე.
დეკლარაციის მიხედვით, შოთა ლორთქიფანიძე 2023 წელს მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მასმედიასთან და დონორთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად, სადაც მისი წლიური შემოსავალი შეადგენდა 20,219.33 ლარს. მის სახელზე ასევე გახსნილია სახელფასო ანგარიში საქართველოს ბანკში, რომლის ნაშთი დეკლარაციის შევსების მომენტისთვის შეადგენდა 1188.3 ლარს.
მეუღლემ, ანა გოგიტიძემ, 2023 წელს, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის სერვის ცენტრში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობისას წლის განმავლობაში 11,454.69 ლარი მიიღო. ანაზღაურება მას ასევე ერიცხებოდა საქართველოს ბანკში, თუმცა ანგარიშზე დაფიქსირებული თანხა იყო მხოლოდ 19.73 ლარი.
შოთა ლორთქიფანიძეს რეგისტრირებული აქვს ორი სესხი:
- 2023 წლის 12 დეკემბერს მან აიღო სესხი 16,499.79 ლარის ოდენობით საქართველოს ბანკიდან, გადახდის ვადით 2028 წლის 11 დეკემბრამდე. თვიური გადახდა შეადგენს 49 ლარს.
- მეორე სესხი აღებულია 2023 წლის 26 ივლისს, 13,700 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად უნდა დაფარულიყო იმავე წლის 12 დეკემბრამდე. გასავალი ნაწილში დეკლარაციაში მითითებულია 13,924.08 ლარი.
ანა გოგიტიძემ 2023 წლის მარტში 7500 დოლარად შეიძინა მსუბუქი ავტომობილი Ford C-Max.



