ბათუმში, სევერიანე აჭარელის ქუჩაზე N1-ში, ახალი ავტოსადგურის მშენებლობას საკრებულოს უმრავლესობა ეთანხმება. მანამდე აღნიშნულ ადგილზე სადგურის აშენების მიზანშეწონილობა ბათუმის მერიამ დაადასტურა.
როგორც საკრებულოს განკარგულებაში ვკითხულობთ, ბათუმის მერიას შესაბამისი განცხადებით მიმდინარე წლის 21 მარტს სს „ბათუმის ავტოსადგურმა“ მიმართა, რომელმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის თანხმობა მოითხოვა.
“მერია კონსულტაციისთვის დაუკავშირდა სსიპ “სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს”, საიდანაც მიღებული იქნა დადებითი შეფასება, რაც საბოლოოდ საფუძვლად დაედო მერიას გადაწყვეტილების მიღებას. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 28 მარტის №90 დადგენილებით დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტის განახლებული ვერსია, რომელიც არეგულირებს ავტოსადგურებისა და ავტოსადგომების ფუნქციონირების წესებსა და პირობებს, რაც დამატებითი სამართლებრივი საფუძველი გახდა მსგავსი ტიპის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის,” – წერია დოკუმენტში.
ბათუმში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე ევკალიპტის მოჭრას აპირებენ? – რას ამბობენ ადგილობრივები და მერიაში
ინფორმაციისთვის: ბათუმის საკრებულო ასევე, კიდევ ერთი ავტოსადგურის მშენებლობას ნიკოლოზ გოგოლის ქუჩის N11-შიც დათანხმდა. გადაწყვეტილება მერიამ შპს „ჯორჯიან რეალ ესთეით ენდ მენეჯმენთ“-ის განცხადების საფუძველზე მიიღო.



