MediaMeter-ის ინფორმაციით, 2025 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 9 იანვრის ჩათვლით პერიოდში ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ სამთავრობო პროპაგანდისტულ „ტელეიმედთან“ საინფორმაციო მომსახურებაზე ერთწლიანი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ღირებულება 7 500 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების მიხედვით, თანხა თვეში 625 ლარის გადახდას ითვალისწინებს.
კონტრაქტის პირობების თანახმად, „ტელეიმედი“ ვალდებულია ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე საკუთარ ვებ-გვერდზე არაუმეტეს 60 საინფორმაციო რელიზი განათავსოს. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ მიწოდებული მასალები უნდა განთავსდეს შინაარსის შეცვლის გარეშე, ხოლო რედაქტირება ან თარგმნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტექსტის არსი არ იცვლება.
MediaMeter ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს მიწოდებული ინფორმაციის ოპერატიულ განთავსებას – რელიზები უნდა გამოქვეყნდეს იმავე დღეს, როცა მუნიციპალიტეტი მას მედიას გადასცემს.
კვლევის მიხედვით, პრობლემურია ის პრაქტიკა, რომ „ტელეიმედი“ მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ პრესრელიზებს სარეკლამო ან სპონსორირებული მასალის შესაბამისი აღნიშვნის გარეშე აქვეყნებს. MediaMeter-ის შეფასებით, ეს მკითხველს შეცდომაში შეჰყავს და არ ქმნის მკაფიო განსხვავებას სარედაქციო და ფასიან კონტენტს შორის.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ აღნიშნული პრაქტიკა ეწინააღმდეგება როგორც „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მოთხოვნებს, ასევე „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-9 პრინციპს, რომლებიც რეკლამასა და სარედაქციო მასალას შორის მკაფიო გამიჯვნას ავალდებულებს.
MediaMeter ასევე აღნიშნავს, რომ „ტელეიმედის“ ვებ-გვერდზე რეგიონებთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის ხულოს მუნიციპალიტეტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციაც, ძირითადად ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, კრიტიკული ან ალტერნატიული ხედვების გარეშე ქვეყნდება, რაც მედიის სარედაქციო პოლიტიკის სახელისუფლებო ხასიათზე მიუთითებს.



