შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი დააკავეს. დაკავებულები არიან: საქართველოს მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ჯ.ე. და უცხო ქვეყნის მოქალაქეები – 1989 წელს დაბადებული ნ.მ. და 1999 წელს დაბადებული ვ.ი.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ჯგუფურად ორგანიზება გაუწიეს მიგრანტის თურქეთში საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, სატვირთო ავტომანქანით ფარულად გადაყვანას. სანაცვლოდ მათ დიდი ოდენობით ფული აიღეს.
“პოლიციელებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს საკონტროლო შესყიდვა, რომლის დროსაც ბრალდებულებს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ორგანიზებისათვის ფულადი თანხა გადაეცათ. ფაქტი ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერით დადასტურდა. პოლიციამ დაკავებულების პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო საკონტროლო შესყიდვის დროს გადაცემული დიდი ოდენობით ფული. დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-344-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ მიგრანტის უკანონო გადაყვანის მომზადებას გულისხმობს და 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,” – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



