შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ კონტროლის ზონაში, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანის სახელმწიფო სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე მართავდა.
უწყების ცნობით, მძღოლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ევროპული წარმოშობის საქონელი ტრანზიტულად თურქეთიდან რუსეთის ფედერაციის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ევროკავშირის სანქციების აღსრულების ფარგლებში, სატვირთო ავტომობილი უკან, თურქეთის რესპუბლიკაში გააბრუნეს.
რამდენიმე საათის შემდეგ იგივე სატრანსპორტო საშუალება კვლავ შევიდა „სარფის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე. ამჯერად მძღოლმა წარმოშობის სერტიფიკატში საქონლის წარმოშობის ქვეყნად თურქეთი მიუთითა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ეჭვის საფუძველზე მებაჟე-ოფიცრებმა ტვირთის ნაწილობრივი ვიზუალური დათვალიერება ჩაატარეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ტვირთზე არსებული ქარხნული ეტიკეტების მიხედვით, საქონლის წარმოშობის ქვეყნები გერმანია და ხორვატია იყო.
გამოვლენილი გარემოებების გამო, დოკუმენტის სავარაუდო გაყალბებისა და სანქცირებული ტვირთის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაზიდვის მცდელობის ფაქტზე, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

