სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული მედიკამენტების მალულად შემოტანის ფაქტი გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კონტროლის შედეგად მოქალაქეს აღმოაჩნდა 5 516 აბი არადეკლარირებული სამედიცინო პრეპარატი და 807 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 7 856 ლარი შეადგინა.
მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, არადეკლარირებული საქონლის ღირებულების 100%-ის ოდენობით დაჯარიმდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებული საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.



