საქსტატის კვლევის თანახმად, 2025 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში სულ 4 461 გემი შევიდა. მათგან 48.9% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი იყო, 26.9% – თხევადი ტვირთმზიდი, 13.4% – კონტეინერმზიდი, ხოლო 10.8% ნაყარ ტვირთმზიდსა და სპეციალიზებულ გემებზე გადანაწილდა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტი ზრდა გენერალური ტვირთმზიდების შემოსვლამ აჩვენა – 54.6%-ით. სპეციალიზებული გემების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც კონტეინერმზიდების ნაკადი 39.4%-ით შემცირდა. შედარებით მცირე ვარდნა დაფიქსირდა თხევადი ტვირთმზიდების მიმართულებით – 7%-ით.
III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში შესული გემების 17.9% პანამის დროშის ქვეშ დაცურავდა, 14.6% – თურქეთის, 10.8% – მალტის, 7.2% – ლიბერიის, ხოლო დარჩენილი 49.5% სხვა ქვეყნების გემებზე მოდიოდა.
2025 წლის III კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა 4.2 ათასი მგზავრი მოემსახურა, რაც 2.1-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მათი 50.4% შემომავალი მგზავრები იყვნენ, რაც მცირედით აღემატება გამსვლელთა წილს.
ტვირთბრუნვის მიმართულებით, ნავსადგურებმა და ტერმინალებმა III კვარტალში 4 293.2 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავეს – 1.4%-ით მეტი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. გადამუშავებული ტვირთიდან 43.7% გენერალურ ტვირთზე მოდიოდა, 34.5% – თხევად ტვირთზე, ხოლო 21.8% – ნაყარ ტვირთზე.



