საქართველოს აქვს პოტენციალი, 3-ჯერ მეტი ელექტროენერგიის გენერაცია მოახდინოს, ექსპორტზეც გაიტანოს და ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწიოს, – ამის შესახებ იურისტმა თენგო კირთაძემ განაცხადა. როგორც სემეკის სტატისტიკიდან ირკვევა, ელექტროენერგიაში მაინინგისა და დატა ცენტრების მოხმარების წილი მზარდ ტენდენციას აჩვენებს და უკვე მთლიანი მოხმარების 5%-ს შეადგენს. ამ ყველაფრის ფონზე 2025 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია 8.6%-ით შემცირდა და 10.4 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა, მოხმარება კი ამავე პერიოდში 11 მილიარდი კილოვატ საათი იყო.
„ჩნდება სტრატეგიული კითხვა: რა მდგომარეობა გვაქვს გენერაციის მიმართულებით, ვაკმაყოფილებთ საჭიროებას ადგილობრივი რესურსებით, თუ ვიქნებით იმპორტზე დამოკიდებული? ვფიქრობ, საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის თავისი გეოგრაფიის, სამეზობლოში ოკუპანტის გეოპოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, მაშინ, როცა საკუთარი რესურსები გაგვაჩნია, ექსპორტზე დამოკიდებულება და შესაბამისი ნაბიჯების არგადადგმა მინიმუმ გულგრილობაა“, – აცხადებს თენგო კირთაძე.
მისი თქმით, თუ საქართველო ენერგეტიკის სფეროს განვითარებაზე არ იზრუნებს, შესაბამისად, ვერ განვითარდება ეკონომიკა, რასაც ლოგიკურად მოჰყვება ის, რომ გაიზრდება სიღარიბე, გაღრმავდება დემოგრაფიული პრობლემები, კიდევ უფრო მეტი ქართველი წავა ემიგრაციაში, ქვეყანას ექნება ცუდი ჯანდაცვა, მომავალი თაობები კი საჭირო განათლებას ვერ მიიღებენ.
„ენერგეტიკა არის სფერო, სადაც საჭიროა მილიარდები და ასეთი კაპიტალი შეიძლება მხოლოდ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან მოვიდეს, რადგან გვაქვს ფუნქცია და შესაძლებლობა, ევროპის ენერგომომარაგების დივერსიფიცირებაში კონტრიბუცია შევიტანოთ, რომელიც სასარგებლო იქნებოდა ჩვენთვისაც, რადგან შევძლებდით სიმძლავრეების შექმნას, ენერგიის ნაწილობრივ ექსპორტზე გატანას, რაც შემოსავლის წყარო გახდებოდა, შედეგად მივიღებდით დასავლურ ინვესტიციებს. თუმცა, ეს ყველაფერი რომ შეძლო, ქვეყანა არ უნდა იყოს იზოლაციაში, ჩვენ დავინახეთ, რომ ბოლო წლებში „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ დასავლურ იზოლაციაში მოგვაქცია“, – განაცხადა რადიო „კომერსანტის“ ეთერში თენგო კირთაძემ.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე



