
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქვეყანამ შეიძინა 200 000 დოზა ფრანგული წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა VaxigripTetra (მწარმოებელი – SANOFI WINTHROP INDUSTRIE), რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ პრეპარატებს შორის შედის.
როგორც უწყება განმარტავს, ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია 2025 წლის გრიპის სეზონზეა მოსალოდნელი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაღალი რისკის ჯგუფებში მყოფ პირებს – მათ, ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ხანდაზმულებსა და სამედიცინო პერსონალს.
აცრა ხელმისაწვდომია პოლიკლინიკებსა და ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში ექვსი თვის ასაკიდან ზემოთ მყოფთათვის და მოქალაქეებისთვის სრულად უფასოა. სამინისტროს განცხადებით, გრიპის წინააღმდეგ აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ვირუსი შეიძლება გადაიზარდოს გართულებებში და საფრთხე შეუქმნას ადამიანის სიცოცხლეს.