საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა და შეკრებებისა და მანიფესტაციების შემზღუდავი კანონმდებლობის რიგი ნორმები გაასაჩივრა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, სადავოდ არის გამხდარი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული აკრძალვები, მათ შორის, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეზღუდვები შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციით გარანტირებულ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
კონსტიტუციურ სარჩელში ასევე გასაჩივრებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ნორმები. კერძოდ, ომბუდსმენი პრობლემურად აფასებს როგორც უალტერნატივო ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას, ისე კანონით დადგენილი ჯარიმების ოდენობას, რომლებიც შეკრებისა და მანიფესტაციის წესების დარღვევას უკავშირდება.
გარდა ამისა, სარჩელი ეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, რომელიც ადმინისტრაციული სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აპარატის განმარტებით, ეს ნორმა ვრცელდება როგორც შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებზე, ისე არასრულწლოვანებსა და ორგანიზატორებზე.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეგულაციები შესაძლოა არ აკმაყოფილებდეს კონსტიტუციურ პროპორციულობის სტანდარტს და საჭიროებს საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან შეფასებას.



