სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, „სარფისა“ და „კირნათის“ სასაზღვრო სექტორებში, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულები არიან: 1983 წელს დაბადებული ო.ე., 1993 წელს დაბადებული რ.დ., 1989 წელს დაბადებული ს.ა. და 1998 წელს დაბადებული დ.თ.
გამოძიების მიხედვით, ს.ა.-მ და დ.თ.-მ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომანქანაში დამალვის გზით გადმოკვეთეს სახელმწიფო საზღვარი. ო.ე.-მ იგივე მონაკვეთზე ასევე უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, ხოლო რ.დ. ცდილობდა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 19,344-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



