„საკალათბურთო კლუბ ბათუმს“ ახალი კალათბურთელი, 27 წლის ამერიკელი ალფონსო უილისი, დაემატა. კლუბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ალფონსო უკვე ბათუმშია და „სკ ბათუმის“ სახელით ასპარეზობას 17 იანვარს შეძლებს.
„ეს ალფონსო უილისია! ჩვენი გუნდის ახალი წევრი – უკანახაზელი, ევროპული გამოცდილებითა და დიდი ენერგიით! ალფონსო უილისი უკვე ბათუმშია და ჩვენს მაისურს 17 იანვარს, გურჯაანში, საქართველოს თასის გათამაშების მორიგ შეხვედრაზე მოირგებს!“ – წერია კლუბის განცხადებაში.
უილისი ბათუმში გამოსვლამდე მექსიკურ კლუბ Correcaminos-ში მცველის პოზიციაზე თამაშობდა, სადაც ჯამში 12 მატჩი ჩაატარა – დააგროვა 125 ქულა, 70 მოხსნა და 39 ასისტი. კარიერის განმავლობაში ჩატარებულ მატჩებში საშუალოდ 7 ქულას, 4 მოხსნასა და 1,2 ასისტს აგროვებს.
ალფონსო უილისი 2021–2022 წლებში ამერიკული East Texas A&M University Lions-ის მაისურით ასპარეზობდა. კარიერის განმავლობაში ამერიკელ მცველს ნათამაშები აქვს აზერბაიჯანის, ხორვატიის, ყაზახეთის, პოლონეთისა და აშშ-ის გუნდებში.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



