„საკალათბურთო კლუბი ბათუმი“ კალათბურთში საქართველოს თასის მერვედფინალურ მატჩში „გურჯაანს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 107:78 დაამარცხა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეხვედრის ოთხივე მეოთხედი დამაჯერებლად მოიგო: 27:14; 29:24; 26:19; 25:21.
„სკ ბათუმის“ შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები მაირინ ტომასი და აკაკი დვალიშვილი იყვნენ. ამერიკელმა ლეგიონერმა „გურჯაანთან“ შეხვედრაში 20 ქულა, 11 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა, ხოლო დვალიშვილის ანგარიშზეა 21 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი.
„გურჯაანის“ რიგებში საუკეთესო ლეგიონერი ჯეიდან კინგი გახლდათ, რომელმაც 20 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
საქართველოს თასის მერვედფინალური შეხვედრა სადებიუტო გამოდგა „ბათუმის“ ახალწვეულისთვის, ალფონსო უილისისთვის. ამერიკელმა მცველმა პირველი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა – „სკ ბათუმის“ მაისურით მან 4 ქულა, 8 მოხსნა და 10 ასისტი დააგროვა.
„საკალათბურთო კლუბ ბათუმის“ შემდეგი მეტოქის ვინაობა „ქუთაისისა“ და „ახალციხის“ შორის გამართულ მერვედფინალურ შეხვედრაში გაირკვევა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



