ბათუმში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული შენობა მდებარეობს, სხვადასხვა სოციალური კატეგორიის მოქალაქეები გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. შეკრებილების განცხადებით, მათი მიზანი შენობაში თვითნებურად შეღწევა იყო, თუმცა ამის განხორციელება ამ ეტაპზე ვერ შეძლეს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საცხოვრებელი არ გააჩნიათ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, წლების განმავლობაში არაერთ დაპირებას ისმენენ, თუმცა რეალური მხარდაჭერა არ მიუღიათ. შეკრებილები ბათუმის მერიის წარმომადგენლების მისვლასაც ითხოვდნენ, თუმცა ადგილზე მუნიციპალიტეტიდან არ გამოჩენილან.
ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია. მოგვიანებით აქცია დაიშალა, თუმცა მონაწილეებმა განაცხადეს, რომ პროტესტს დღეს კვლავ განაახლებენ.
როგორც ცნობილია, აღნიშნული შენობა სახელმწიფოს საკუთრებაშია და ის ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ჩამოერთვა. ოზთურქი რამდენიმე თვის წინ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, გათავისუფლდა. თავდაპირველად, ნარკოდანაშაულის საქმეზე მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და 1 მილიონი ლარის სანაცვლოდ დატოვა საპატიმრო.
ამის შემდეგ, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ოზთურქის წინააღმდეგ კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე დასრულდა საპროცესო შეთანხმებით. პროკურატურა ბიზნესმენს ფინანსური დანაშაულის – უკანონო შემოსავლის ლეგალიზების (ფულის გათეთრება) ჩადენას ედავებოდა. მოსამართლე ლევან ყოლბაიამ 2025 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დაადასტურა მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ოზთურქს ორწლიანი თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, რაც პირობითად ჩაეთვალა.
ამავე საქმეზე სახელმწიფომ ბიზნესმენს ჩამოართვა უძრავი ქონება ბათუმში, გოგოლის ქუჩა #11-ში – საუბარია კორპუსებზე, რომლებიც ოზთურქის კომპანიამ 2021 წელს უკანონოდ ააშენა. პროკურატურამ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლი გამოიყენა, რაც ქონების უსასყიდლოდ ჩამორთმევას ითვალისწინებს. ოზთურქის ადვოკატის, რობერტ გრიგალაშვილის განმარტებით, ქონება ჩამოერთვა იმ ზიანის სანაცვლოდ, რომელიც პროკურატურის ვერსიით, სახელმწიფოსთვის დაახლოებით 23 მილიონ ლარად შეფასდა.



