ქართველ 2,5 წლის ნიკოლოზ სიჭინავას თურქეთში ურთულესი ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, რომლის დროსაც ექიმებმა მისი ტვინიდან დაახლოებით 7 სანტიმეტრის ზომის სიმსივნე ამოიღეს, ამის შესახებ თურქული მედიასაშუალებები იტყობინებიან.
ოპერაცია დაახლოებით 10 საათს გაგრძელდა და სპეციალისტების შეფასებით, წარმატებით დასრულდა.
ნიკოლოზის ჯანმრთელობის პრობლემები დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო. ოჯახის თქმით, ბავშვს აღენიშნებოდა მოუსვენრობა, ძილისკენ მიდრეკილება და ქცევითი ცვლილებები. საქართველოში ჩატარებული პირველადი კვლევების შედეგად მას ჰიდროცეფალია დაუდგინდა, რის გამოც ტვინში დაგროვილი სითხის გამო ქალას მოცულობა იზრდებოდა. ამ დიაგნოზის საფუძველზე ბავშვს ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და შუნტი ჩაუდგეს, თუმცა მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა.
დამატებითი, სიღრმისეული კვლევების შედეგად ექიმებმა დაადგინეს, რომ ნიკოლოზს ტვინის სიმსივნე ჰქონდა. უკეთესი სამედიცინო მომსახურების მისაღებად ოჯახმა გადაწყვეტილება მიიღო, ბავშვი თურქეთში გადაეყვანა, სადაც ნეიროქირურგიისა და პედიატრიული ონკოლოგიის მიმართულებით მკურნალობა გაგრძელდა.
დაახლოებით 10 საათის განმავლობაში მიმდინარე ოპერაციისას ექიმებმა შეძლეს ტვინის მთავარ სისხლძარღვებთან ახლოს მდებარე, დაახლოებით 7 სანტიმეტრის ზომის სიმსივნის დიდი ნაწილის ამოღება, რაც მაღალი რისკის მიუხედავად, სერიოზული ნევროლოგიური გართულებების გარეშე დასრულდა.
ქირურგიული ჩარევის შემდეგ ნიკოლოზის მკურნალობა ქიმიოთერაპიით გაგრძელდა. პარალელურად დაიწყო რეაბილიტაციის პროცესიც, რათა ხანგრძლივი უძრაობის შედეგად კუნთოვან-ძვლოვანი სისტემის დაზიანება თავიდან აეცილებინათ. მკურნალი ექიმების განცხადებით, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ნევროლოგიური დეფიციტი ამ ეტაპზე არ აღენიშნება.
ნიკოლოზის მკურნალობის პროცესი ამ ეტაპზეც გრძელდება, ექიმები კი იმედოვნებენ, რომ კომპლექსური თერაპიის შედეგად ის ეტაპობრივად სრულად გამოჯანმრთელდება.



