ქობულეთში საკრებულოს თავმჯდომარის, იოსებ ჟღენტის საცხოვრებელ სახლში არსებული უნებართვო კონსტრუქცია მერიამ დაანგრია.
საქმე ეხება შენობის პირველ სართულზე არსებულ კომერციულ ფართს, რომლის წინ ტროტუარი წლების განმავლობაში კონსტრუქციით იყო შემოსაზღვრული და გადახურული.
როგორც გაირკვა, აღნიშნული ნაგებობა უნებართვოდ იყო მოწყობილი, თუმცა შესაბამისი რეაგირება მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ახლა მოახდინა.
დღეს ქობულეთის მერიამ გაავრცელა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მასშტაბით უნებართვო ობიექტების დემონტაჟის შესახებ და შესაბამისი ფოტომასალაც გამოაქვეყნა. გავრცელებულ კადრებში მოხვდა საკრებულოს თავმჯდომარის სახლთან არსებული კონსტრუქციაც.
მოგვიანებით, ფოტო, რომელზეც იოსებ ჟღენტის საცხოვრებელი ჩანდა, მერიამ სოციალურ ქსელიდან წაშალა.
აღსანიშნავია, რომ კონტროლის განმახორციელებელი მაღალჩინოსანი თავად აღმოჩნდა უკანონო ქმედების მონაწილე.
განახლება: მოგვიანებით ქობულეთის მერიაში განმარტეს, რომ უნებართვო კონსტრუქცია, მეპატრონემ მითითების შემდეგ თავად დაანგრია.



