ქობულეთში გაზქურის გამათბობლის აფეთქების შედეგად დაშავებული დედა და 3 წლის ბავშვი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაჰყავთ.
დედას სხეულის დაახლოებით 45% აქვს დამწვარი. დედა-შვილს პირველადი სამედიცინო დახმარება ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გაუწიეს, რის შემდეგაც მათი თბილისში გადაყვანა გახდა საჭირო.
შემთხვევა ქობულეთში, ახალსოფლის დასახლებაში მოხდა. პირველადი ინფორმაციით, დედა და მცირეწლოვანი შვილი სახლში მარტო იმყოფებოდნენ, როდესაც საცხოვრებელში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამათბობელი აალდა და აფეთქდა.
„დედა-შვილი კლინიკაში თვითდინებით შემოიყვანეს. როგორც ანამნეზით დგინდება, საყოფაცხოვრებო პირობებში მოხდა გამათბობლის აფეთქება და სხეულის დამწვრობა. დედის დამწვრობა სხეულის სადღაც 45%-ს შეადგენს. დედა გადაჰყავთ თბილისში, დამწვრობის ცენტრში. ბავშვთან კი მიმდინარეობს პირველადი დახმარების გაწევა, შესაბამისად, გამოძახებულია პედიატრიული კატასტროფის ბრიგადა და მისი გადაყვანაც მოხდება დამწვრობის ცენტრში“, – აცხადებს ქობულეთის რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი ზურაბ გოგაძე.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა „სოკარ ჯორჯია გაზის“ ტექნიკური სამსახური. მათი პირველადი შეფასებით, ბუნებრივი აირის მილებსა და მრიცხველზე პრობლემა არ გამოვლენილა. ტექნიკოსების განმარტებით, სავარაუდოდ, გაუმართაობა საცხოვრებელში არსებულ გამათბობელს უკავშირდება, თუმცა მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის.
აფეთქების შედეგად დაზიანდა სახლის შიდა ნაწილი და დაიწვა გარკვეული ნივთები და ტანსაცმელი.
ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

