
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლეთი–ქობულეთის მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულ კონტრაქტორ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა, რაც სამუშაოების ხანგრძლივი შეყოვნებითა და ვალდებულებების შეუსრულებლობით იყო განპირობებული.
შესაბამისი განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გააკეთა.
„სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები. უკვე გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი ხელშეკრულების ფარგლებში განახლდეს სამუშაოები და პროექტი უკვე წელს დასრულდეს,” — განაცხადა სოხაძემ.
სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებდა თურქული ერთობლივი კომპანია POLAT YOL & MAPA, რომელმაც შეტყობინება კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ უკვე ოფიციალურად მიიღო.
გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველად მისი დასრულება 2021 წლისთვის იგეგმებოდა. პროექტი წარმოადგენს E70 საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილს და მოიცავს:
- 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის მოწყობას;
- 22 სახიდე გადასასვლელის;
- 4 სატრანსპორტო კვანძის;
- მიწისქვეშა გასასვლელებისა და წყალგამტარი სისტემების მოწყობას;
ამ დროისთვის ავტოტრანსპორტისთვის გახსნილია 11 კმ-იანი მონაკვეთი, თუმცა დარჩენილ 3 კმ-ზე სამუშაოები სერიოზულად შეფერხდა, რაც გახდა კონტრაქტორის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი.
პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხით ფინანსდება და მისი ბიუჯეტი 228 მილიონ ლარს შეადგენს.
ინფორმაციისთვის: პროექტზე დასაქმებულებს კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ. კომპანიას 1000 მდე დასაქმებულის მიმართ რამდენიმეთვიანი დავალიანება აქვს.
ბათუმის შემოვლით გზაზე დასაქმებული 100-ზე მეტი ადამიანი 6 თვეზე მეტია უხელფასოდაა