შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, მისი საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 34 პირი დააკავეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ხუთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის შედეგად, კიდევ 7 პირს, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ორ პირს, საზღვარგარეთ მყოფ ოთხ პირსა და ერთ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
შსს-ს ცნობით, რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები, როგორც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები, ასევე მათი მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების “გარჩევებში” მონაწილეობდნენ, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და ასრულებდნენ მათგან მიღებულ დავალებებს.
„ბრალდებულების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, სადაც პირობების დამრღვევებს საჯარიმო თანხას სთხოვდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში გამოკვეთილი როლი ჰქონდა კრიმინალურ ავტორიტეტს, ელმურაზ მამედოვს,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ნივთების ჩხრეკისას ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკული საშუალებები და დიდი ოდენობით ფული, რომლითაც, უწყების ცნობით, ისინი კომუნიკაციას ამყარებდნენ როგორც ერთმანეთთან, ასევე საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამის მუხლებით, რომლებიც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



