
სოფელ ხელვაჩაურში მერის წარმომადგენელი, როსტომ თავდგირიძე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა გვიან ღამით, ხელვაჩაურის მერიის შენობაში მოხდა.
„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ თავდგირიძის შვილი და მისი ნათესავები სოციალურ ქსელში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ პოზიციებს აფიქსირებენ. სწორედ ამის გამო, თავდგირიძეს მათი გაჩუმების მოთხოვნით მიმართეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება და შემდეგ კი ძალადობა მოჰყვა.
ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროს თქმით, ფიზიკურ ანგარიშწორებაში მერიის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც, რომელმაც თავდგირიძის განყოფილებაში გადაყვანა სცადა, თუმცა ის არ დათანხმდა. საბოლოოდ, პოლიციელებმა მისი გამოკითხვა სახლის პირობებში ჩაატარეს.
„ამ ეტაპზე არ მინდა ჟურნალისტებთან საუბარი. ვინც იძალადა, იმას მოვთხოვთ პასუხს. ახლა მეტის თქმა არ შემიძლია,“ – განუცხადა „აჭარა თაიმსს“ როსტომ თავდგირიძემ სატელეფონო საუბრისას და კომუნიკაცია შეწყვიტა.
ჩვენს კითხვებს ხელვაჩაურის მერიაში არ უპასუხეს, ხოლო განმეორებითი კომუნიკაციისას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში არ პასუხობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები სანიაღვრე არხის რეაბილიტაციას ითხოვენ